დავით გარეჯელის ხსენების დღეს, მისსავე სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებს პრობლემები არ შექმნიათ. სასულიერო პირებმა ერთდროულად ათი წირვა აღავლინეს. მათ შორის იმ ტაძრებშიც, რომლებშიც, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იდგნენ და ხალხს არ უშვებდნენ. მიუხედავად ამისა, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ დავით გარეჯის დაკარგვის საფრთხე ისევ სერიოზულად დგას.
- სოფელი უდაბნოში
გარეჯისკენ მიმავალი გზა ნორმალურია, მაგრამ უფრო უარესდება რაც კომპლექსს უახლოვდებით. სანამ მონასტრის ტერიტორიაზე მიხვალთ, სოფელი უდაბნო უნდა გაიაროთ. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც მონასტერთან ახლოს მდებარეობს. დასახლებაში, სადაც სულ 180 ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე კარგად იციან ის პერიპეტიები, რაც სასაზღვრო ზოლში ხდება.
“დავით გარეჯის მონასტერში აქვთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კლდეში ნაკვეთ ტაძრებს იქეთ კიდევ 600 ჰექტარი საქართველოს საკუთრებაა. ჩიჩხიტურის კოშკი, რომელსაც ახლა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ, ოთხი წლის წინ ჩვენი იყო, მაგრამ მოვიდნენ და უნებართვოდ დაიკავეს. მთელმა სოფელმა იარაღი ავისხით და მესაზღვრეები იქიდან გავყარეთ, მაგრამ სახლებში ჩვენი პოლიცია მოგვივარდა – იარაღი საიდან გქონდათო.”მაშინ პრემიერმინისტრი ნოღაიდელი იყო და პატრიარქს დაჰპირდა, პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდებაო, მაგრამ მას შემდეგ 4 წელი გავიდა და კოშკი ისევ აზერბაიჯანელებს უკავიათ და ჩევნ ფაქტობრივად დავკარგეთ. მათ მესაზღვრეებს ხშირად ვედავები ხოლმე და მეუბნებიან – ცოტაც დაგვაცადეთ, მონასტრიდან ბერებს გავყრით და ჩვენ დავიკავებთო”, – ამბობს უდაბნოს მკვიდრი ჯიმშერ ჩართოლანი “რეზონანსთან” საუბარში
უდაბნოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სვანეთიდან სტიქიური უბედურებების დროსაა ჩამოსახლებული. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს. ადგილობრივები თავს ძირითადად მეცხოველეობით ირჩენენ და ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ღარიბი სოფელი საქართველოში, რომელსაც წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს. თითქმის ყველა ოჯახში “გლობალ ტვ”-ს თეფშებია დამონტაჟებული. ამბობენ, რომ მხოლოდ “მაესტროს” იჭერენ. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა გარეჯის მონასტრის მრევლია. დავითგარეჯობის დღესასაწაულზე მონასტერს ტრადიციულად საკლავს წირავენ. ისინი კლდეში ნაკვეთი ეკლესიების მოსანახულებლად მიმავალ ტურისტებს ხორცს და ღვინოს სთავაზობენ.
“მიირთვით, თორემ ღვინის გარეშე ამ კლდეების გავლა გაგიჭირდებათ”, – გვითხრა უდაბნოელმა ბაჩო იოსელიანმა.
ის ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდნენ და ამბობენ, რომ გარეჯის მონასტერს საკუთარი სისხლით დაიცავენ.
- დაუდგენელი საზღვარი
ნაკურთხი ღვინისა და ხორცის მიღების შემდეგ კლდეებს ავუყევით. მეგზურობა ჯიმშერ ჩართოლანმა გაგვიწია. დავით გარეჯელის ცრემლების წყაროს მონახულების შემდეგ იმ მთაზე მივედით, სადაც წარსულში 6000 ბერი დახოცეს, ახლა კი ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირისპირ დგანან. ადგილს უამრავი ტურისტი ნახულობს და მათი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, საზღვარია. ყველა ქართველი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს საზღვარი წლიდან-წლამდე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ იცვლება.
რიგითი ადამიანი, როემლიც სამხედრო და სასაზღვრო სფეროში ვერ ერკვევა, იფიქრებს, რომ ორივე ქვეყნის მესაზღვრეები თავიანთი ხელმძღვანელებისგან ძალიან დაჩაგრულები არიან. არც ქართველ და არც აზერბაჯანელ სამხედროებს არ აქვთ რაიმე ჯიხური, რომ მცხუნვარე მზეს შეეფარონ. თუმცა, შენობის დადგმა, როცა საზღვარი დადგენილი არაა, თავისთავად გამორიცხულია. შესაბამისად, ეს ადამიანები მთელ დღეებს უწყლოდ, მზესთან და გიურზებთან ერთად ატარებენ.
- ფრესკები, რომლებსაც თვალები აღარ აქვთ
ჯუმბერ ჩართოლანმა ყველა ის მონასტერი დაგვათვალიერებინა, რომლებიც 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს, მაგრამ ადგილობრივებისა და ქართული პრესის აქტიურობის შემდეგ უკან დაიხიეს. კლდეში ნაკვეთი ტაძრების ფერწერა მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშადაა აღიარებული, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ფრესკას თვალები ან ამოთხრილი აქვს, ან – თეთრი გაჯით ამოლესილი. ზოგი მათგანი დაფხაჭნილია. ჩვენი მეგზურის განმარტებით, ეს აზერბაიჯანლებმა ჩაიდინეს, თუმცა კედლებზე ქართველების კვლიც იგრძნობა, ოღონდ უფრო საბჭოთა პერიოდის.
უნიკალურ ფრესკებზე ხშირად შეხვდებით წარწერებს, მაგალითად, 1957 წელს როგორ იმყოფებოდა იქ ვინმე ლამარა ბურჭულაძე. ადამიანების გარდა კლდის მონასტრებს კიდევ ერთი მტერი ჰყავს – დრო – წლების გასვლასთან ერთად პერიოდულად კლდეები იშლება, რაც ეკლესიებს საფრთხეს უქმნის.
“6 მაისს მამაომ გვითხრა, რომ ტაძარში არ შეუშვეს. მთელი სოფელი ბრძოლას ვაპირებდით. ტაძარში სულ კარტოფილის ნაფცქვენები და კონსერვის ქილები ეყარა. იმათ კომენდანტს ვუთხარი – წადი, თორემ ფეხებით ჩამოგკიდებ-მეთქი და მიპასუხა – ისევ შენი პოლიცია დაგიჭერსო; როგორც არ უნდა იყვიროთ, ეს საკითხი ზემოთ უკვე გადაწყვეტილიაო, ეს ტერიტორია ჩვენიაო. თბილისში გამოსვლების და პრესის აქტიურობის შემდეგ დაიხიეს უკან, მაგრამ ეს დროებითია,” – ამბობს ჯუმბერ ჩართოლანი
- მადლის ქვა და გარეჯელის ცრემლები
დავით გარეჯელის სახელობის სამონასტრო კომპლექსს საფუძველი მე-6 საუკუნეში ჩაეყარა. 13 ასურელი მამიდან ერთ-ერთი – დავითი პირველ ეტაპზე თბილისში მოღვაწეობდა, თუმცა, იქ მომხდარი ინციდენტის გამო უდაბნოში განმარტოება არჩია. გადმოცემის თანახმად, თბილისელმა მუსლიმანებმა მეძავი ქალი მოისყიდეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ შვილს დავითისგან ელოდებოდა. თუმცა, ამ საკითხის საჯაროდ განხილვის დროს, დავითის მხურვალე ლოცვის შემდეგ, ჩვილმა მუცლიდან დაიძახა, რომ მამამისი ვიღაც მჭედელი იყო. განრისხებულმა ბრბომ ქალი ადგილზევე ჩაქოლა. სასულიერო პირმა კი – ამქვეყნიურობისაგან გაცლა გადაწყვიტა. თავის მოწაფე ლუკიენესთან ერთად ბევრი იარა და საბოლოოდ ასკეტური ცხოვრებისთვის, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე უდაბნო არჩია.
არსებობს უამრავი გადმოცემა, რომელიც უდაბნოში დავითის საწაულებს უკავშირდება. მათ შორისაა ირმების მოწველის შემთხვევა, რომლებიც საკვების გარეშე დარჩენილ ბერებს აკითხავდნენ და რძეს აძლევდნენ; ასევე წყარო, რომელიც უდაბნოში დავითის მხურვალე ლოცვის შემდეგ გაჩნდა.
იერუსალიმის კარიბჭესთან სტუმრობის ისტორია კი საქართველოში მადლის ქვის ჩამოტანის ამბავს აღწერს – იერუსალიმის ჭიშკართან მისული დავითი ქალაქში აღარ შესულა, ღირსი არა ვარო. ამ თავმდაბლობისთვის ის ღმერთმა დააჯილდოვა და მადლის ქვა აჩუქა. სასწაულმოქმედი ქვა წლების მანძილზე გარეჯის მონასტერში დავითის საფლავზე ინახებოდა, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ამჟამად საპატროარქოშია გადატანილი.
სასულიერო პირების მოღვაწეობის შედეგად, წლების მანძილზე, გარეჯის მონასტერი ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთ ძლიერ კერად იქცა. ბერები კლდეში გამოკვეთილ სენაკებში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ უნიკალური წყლის სისტემა შექმნეს. კლდეებში გამოკვეთილი ღარების მეშვეობით წვიმის წყალი ერთ დიდ ავზში გროვდება, რომელსაც მონასტერში დღესაც იყენებენ. უდაბნოს კლდოვან ქედზე რამდენიმე ტაძარია გამოკვეთილი, სწორედ ეს ტერიტორიაა სადავო. ქვეყნის საზღვარზე მდებარე კომპლექსს წლების მანძილზე სასულიერო მნიშვნელობის გარდა, სტრატეგიული ფუნქციაც ჰქონდა, ამიტომ მტრის უამრავი შემოსევა გადაიტანა.
“მონასტერს ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც მტრის შემოსევის დროს სამალავში შეჰქონდათ ხოლმე. ის დაკარგულია და ახლაც არავინ იცის, სად ინახება. როგორც ჩანს, ერთ-ერთი შემოსევის დროს ის ადამიანიც მოკლეს, ვისაც ბიბლიოთეკა ებარა და შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი საიდუმლოდ დარჩა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ქართველი ერის უდიდესი სიმდიდრე და არც ერთმა ჩვენგანმა მისი დაკარგვა არ უნდა დაუშვას”, – ამბობს ჯიმშერ ჩართოლანი
სასაზღვრო საკითხთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შორის მოლაპარაკებები უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს. თუმცა, ამ ამ მოლაპარაკების დეტალები ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. ამის ფონზე ძნელია იმის თქმა, თუ როგორ გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი და როდის შეძლებს ორი მეგობარი სახელმწიფო ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიგნებას.
თამთა ვირსალაძე
(წყარო: www.resonancedaily.com)